19-05-2023 21:11:14 კომენტარი
დაიწყო სპეცოპერაცია, „საქართველო ქართველების გარეშე",– ასე აფასებს უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, მათ შორის, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა ჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გააპროტესტა, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად დაჯდა რუსული ავიახომალდი და ამ წუთებშიც აპროტესტებს საქართველოს პარლამენტთან.
„ეს არის სპეცოპერაცია „საქართველო ქართველების გარეშე“. შევხედოთ, რა ხდება ქვეყანაში დემოგრაფიულად: ქართველი მიდის და მის ადგილს იკავებს რუსი, სახმელეთო საზღვრები მორღვეულია, ახლა უკვე საჰაერო საზღვრებიც მოირღვა. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ უკვე საქართველოს საზღვაო საზღვრებიც მოირღვეს, თუმცა, იქაც, რამდენადაც ვიცი, საქართველო რუსეთს შორის ადამიანების გადაადგილება უკვე დაწყებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკურ აღორძინებას. ჯერ ერთი, რუსული ბაზარი მთელი მსოფლიოსთვის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია სახელმწიფოების და ხალხის დამონების. მეორეს მხრივ – ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა დავინახოთ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერის კვდომისკენ მიმართული პოლიტიკა. მისთვის დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, საქართველო დაიცალოს ქართველებისგან და სამაგიეროდ აქ დასახლდნენ რუსები, რომლებიც იყიდიან ქართულ მიწებს, დაიპყრობენ ქართულ სკოლებს, გაანადგურებენ ქართულ ენაზე განათლების სისტემას და რამდენიმე წელიწადში საქართველოში ქართველების ადგილი არ იქნება“,– პროგნოზირებს ლაგაზიძე.
მისი ხედვით, „გვაქვს თვალსაჩინო თანხვედრა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების ინტერესების“:
„რუსეთი მარცხდება უკრაინაში. მნიშვნელოვან რამეს გეტყვით – კისინჯერი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის პატრიარქია და ცნობილი იყო თავისი რეალპოლიტიკით, რომელიც თვლიდა, რომ უკრაინა არ უნდა ყოფილიყო ნატოს წევრი, რომ არ ღირდა რუსეთის გადაკიდება პოსტ საბჭოთა სახელმწიფოების გამო, დღეს ამბობს, რომ ევროპის მშვიდობა უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე წარმოუდგენელია. მთლიანად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკა და რუსეთის ამოცანაა, უკრაინაში დამარცხებულის ფონზე (ეს მალე გაფორმდება), რაღაც მაინც იყოს ნადავლი, რომელსაც „სისხლიან პირში“ ჩაუგდებს საკუთარ მოსახლეობას. ყველამ მოძებნა რუსეთისგან დისტანცირების გზები და ერთადერთი ნადავლი, რომელიც უნდა გაგლიჯოს, მათ შორის, პირდაპირი თუ ირიბი ოკუპაციით (დღეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ცის ოკუპაცია), რჩება საქართველო“.
მისი თქმით, გამოსავალი არსებობს“ ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა პირველი და მეორე ხარისხის ამოცანები უნდა განასხვაოს. საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი დგას და ამ ფონზე პირადი წყენები გადასადებია გვერდზე. საჭიროა ერთიანი სტრატეგია, კოორდინაცია. მარტში კარგად გამოჩნდა, რა შეუძლია ოპოზიციის ერთიანობას“.