
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 18 და 22 წლის პირები დააკავეს
23/05/2023 08:21:16 სამართალი
პოლიციამ ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. გუშინ დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის – 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს.
ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ნ.ა.-ს და ა.ა. -ს კვალს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, დაკავებულების გარდა, დანაშაულში მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.