
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად ერგნეთში შეხვედრა გაიმართა
23/05/2023 19:19:37 საზოგადოება
დღეს ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის რიგით მე-18 შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ავრცელებს.
„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მკაცრად ჰუმანიტარული ხასიათისაა. მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 122 ადამიანის მოძიება. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდეს, მხარეთა მეტი ჩართულობა მოძიებისა და ამოცნობის პროცესებსა და ოჯახების მხარდაჭერაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა ICRC-ს კოორდინატორმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში კარინა სველფენტმა.
წითელი ჯვრის საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოსური მედიაც ავრცელებს. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში ინალ ტასოევმა განაცხადა, რომ "უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაში მონაწილე მხარეების მიერ (მათ შორის „საზღვრისპირა" სოფლებში) ანონიმური ყუთების დამონტაჟების საჭიროება მნიშვნელოვანია. ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ყუთები უკვე განთავსდა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ამ ყუთებში ანონიმური წერილები განათავსონ დაკარგულების ადგილსამყოფლის შესახებ". მსგავსი ყუთების დადგმა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებშიც იგეგმება.
საქართველოში 1990–იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2300 პირი ითვლება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გაუჩინარებულთა სამარხების აღმოჩენა, მათი იდენტიფიკაცია და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემაა.
საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით დაარსდა.