ფაშინიანმა ზახაროვას მოუწოდა, მისი სიტყვების კომენტირებას მოეშვას

25-05-2023 01:09:36 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს პროპაგანდისტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას მის ადგილზე მიუთითა და მოუწოდა, "სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვების კომენტირებას მოეშვას".

"ჩემი თანამოსაუბრეები რუსეთში პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი არიან. ზახაროვას რანგის ჩინოსანს კი შეუძლია მხოლოდ, ჩემი განცხადებები მხედველობაში მიიღოს, პრემიერ-მინისტრის სიტყვების კომენტირება მისი საქმე არაა" - ასე გამოეხმაურა ფაშინიანი ზახაროვას მიერ მის ამასწინანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

ორიოდ დღის წინ ფაშინიანმა პარლამენტში სტუმრობისას სომხეთის მიერ პუტინის ეგიდით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" (ОДКБ) დატოვება არ გამორიცხა, ზახაროვამ კი ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ყველას უნდა ესმოდეს, რამდენად სარისკოა მსგავსი სიტყვებით მანიპულაცია".

ცნობისთვის: ფაშინიანი უკმაყოფილოა ОДКБ-თი, რომელმაც, შესაბამისი ვალდებულების მიუხედავად, ორგზის განუცხადა უარი აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში სომხეთის დაცვაზე და მეტიც, ოფიციალური განცხადების დონეზეც კი არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია ამ დაპირისპირებაში ერევნის მხარდასაჭერად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები