
"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლების საკითხი არ განიხილება"
23/05/2019 11:13:17 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინსიტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლების საკითხი არ განიხილება.
"ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავიწყოთ, რაც შეიძლება დროულად პორტის მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი დროის, ენერგიის და ამავე დროს ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა ჩვენი მხრიდან ამ პროექტში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პროექტი გაიწელოს ძალიან დიდხანს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას", – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება კომერციული რისკების დაზღვევაზეც გაამახვილა:
"მთავრობას, კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ მისცა თანხმობა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც არის პრინციპული მნიშვნელობის, მათ შორის, გადასახადების გადამხდელებისთვის. როდესაც საუბარია კომერციული რისკის დაზღვევაზე, ჩნდება კითხვა, მაშინ ამ პროექტში კომერციული ინტერესი სად არის? მას კერძო ინვესტორის მხრიდან კომერციული დატვირთვა როგორ ექნება? ყველა ის საკითხი რაშიც ჩვენ შეგვიძლია, ანაკლიის კონსორციუმს მხარი დავუჭიროთ, ეს გაგრძელდება. მთავარია, რომ ჩვენ პროგრესი ვაჩვენოთ. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან გვქონდეს განცდა, რომ პროცესი დასრულებისკენ მიდის. ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მეორე, პროექტი უნდა დავიწყოთ ყველამ ერთობლივად, რაც შეიძლება დროულად".
მისივე განცხადებით, პროექტის დასრულების ვადა იმ დინამიკაზეა დამოკიდებული, რის ჩვენებასაც კონსორციუმი შეძლებს.
"კონსორციუმმა უნდა გვაჩვენოს, რომ ფულადი სახსრების მობილიზაცია მიმდინარეობს", - დასძინა მამუკა ბახტაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021