ანა ფოტიგა: ვიმედოვნებ, მომავალში ევროკავშირის დროშა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მუდმივად იქნება წარმოდგენილი

26-05-2023 10:36:54 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში“,- წერს ქართულ ენაზე „ტვიტერში“ პირად გვერდზე ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები