ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – პრეზიდენტის მიმართ შეძახილებზე: "ყველაფერი იყო სამართლიანი"
26/05/2023 10:23:46 პოლიტიკა
"ყველაფერი იყო სამართლიანი", – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილო შეძახილებს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვის მიმართ მმართველი გუნდის ბევრმა წევრმა გამოხატა უკმაყოფილება:
ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ეს. მეც გამიჩნდა პროტესტი. ჩემი აზრით, ჩემმა კოლეგამ სავსებით სამართლიანი პროტესტი გამოხატა. სხვათა შორის, ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება, აშკარად იგრძნობოდა. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა“.
ჟურნალისტების კითხვაზე, პროტესტის გამოხატვისას, ხომ არ უხსენებია ვინმეს სიტყვა "მოღალატე", სარჯველაძემ აღნიშნა:
„ზუსტად ვერ აღვიდგენ ტექსტს, რა ითქვა, მაგრამ მკაცრი უკმაყოფილება გამოითქვა ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან. მეც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ბევრი ჩემი კოლეგა. კატეგორიულად მიუღებელია, ეროვნულ დღესასწაულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტი გამოდიოდეს, ფიცის დადების ცერემონიალზე მიმართავდეს ჯარს, წვევამდელებს და ელაპარაკებოდეს ისე, როგორც, მაგალითად, ჩვეულებრივ, მიმდინარე რაღაც თემებზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრებდა. ეს ყველაფერი მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია. განცხადებასთან მიმართებით სამართლიანად გამოხატული პროტესტი იყო, არც ჩვენ გვსიამოვნებდა იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით, პრეზიდენტმაც მოისმინოს ათასში ერთხელ ასეთი უკმაყოფილება. კონკრეტული ტექსტი არ მახსოვს, რა ითქვა, მაგრამ არც ერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა და ჩვენგან ბევრმა თქვა, არავითარი პროტესტი არ გამჩენია, რადგან ყველაფერი იყო სამართლიანი. უკმაყოფილებას ვუზიარებდი კოლეგებს, რამდენად ხმამაღლა გამოვიდა და ტემბრი როგორი მქონდა, ნამდვილად ვერ აღგიწერთ, შეგიძლია, თქვენ შეაფასოთ. ქადაგიშვილმა შედარებით ხმამაღლა წამოიძახა, სავსებით სამართლიანი უკმაყოფილება გამოთქვა, ამას ყვირილს ნუ დაარქმევთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს".


