კოსოვოში მომხდარი შეტაკებების შემდეგ სერბეთმა ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

28-05-2023 01:17:27 მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა არმიის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და ზოგიერთი ნაწილის კოსოვოსთან საზღვრისკენ ჰადასროლის ბრძანება გასცა. თავის მხრივ თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა კოსოვოში შექმნილ ვითარებას დრამატული უწოდა, - იუწყება მსოფლიო მედია.

ცნობისთვის: პარასკევს, 26 მაისს კოსოვოში სერბული უმცირესობის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს ქალაქ ზვეჩანის ახლადარჩეულ მერს და შეეცადნენ, იგი მუნიციპალიტეტში არ შეეშვათ. რეგიონში კომპაქტურად მცხოვრებმა სერბებმა აპრილში გამართულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და მათ შედეგებს არ აღიარებენ. აქტივისტებმა პირობა დადეს, რომ ახალ მერს ილირა პეჩისა და არჩევნებში გამარჯვებულ სხვა ალბანელებს ოფისში არ შეუშვებდნენ.

პოლიცია მომიტინგეებთან დაპირისპირებაში შევიდა, ძალოვანებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. საბოლოო ჯამში ახლადარჩეულმა მერმა ოფისში შეღწევა შეძლო, თუმცა ქუჩაში არეულობა გაგრძელდა.

ამჟამინდელი კრიზისი ზვეჩანში პირველია მიმდინარე წლის დასაწყისიდან. კოსოვოში NATO-ს 3800 კაციანი სამშვიდობო კონტინგნეტი იმყოფება, რომლის ამოცანაა, არეულობის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდა არ დაუშვას.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კოსოვოს საზღვრისკენ ჯარი გასულ წელსაც გადაისროლა. კერძოდ, აგვისტოში ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობას ბელგრადი ამ დრომდე არ სცნობს, არეულობები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში მცხოვრებ სერბთა საავტომობილო ნომრები კოსოვურით შეეცვალა. ხელისუფლებას წინააღმდეგობა 50 ათასამდე ეთნიკურმა სერბმა გაუწია. ისინი ქუჩებში ბარიკადებს აგებდნენ და ქუჩების ბლოკირებას ახორციელებდნენ. მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. ნოემბერში ევროკავშირმა კონფლიქტის განმუხტვა მოახერხა: კოსოვოს ხელისუფლებამ სანომრე ნიშნების შეცვლის მოთხოვნა უკან გაიწვია, სერბეთმა კი თანხმობა განაცხადა, აღარ გამოეშვა სანომრე ნიშნები კოსოვოს ქალაქების მითითებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები