სააკაშვილი: საქართველო უნდა მოემზადოს უკრაინასთან საერთო საზღვრის არსებობაზე

29-05-2023 10:38:07

"2011 წელს ჩვენ პირველ ეტაპზე, გავხსენით უვიზო მიმოსვლა ჩრდილო კავკასიელებისთვის. მაშინ ჩვენ გვქონდა აქტიური ჩრდილო კავკასიური პოლიტიკა, "პერვი კავკასკი" არხი გავხსენით და შემოგვყავდა ძალიან შეზღუდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები სპეცსამსახურების მკაცრი კონტროლის ქვეშ. ახლა ეს არის სრული კატასტროფა. დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები ძალიან დიდი რაოდენობითაა შემოსულნი და არამხოლოდ საქართველოს გასაკონტროლებლად, არამედ საქართველოს ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით სამუშაოდ.

უკრაინა ფრონტს აუცილებლად გარდატეხს. დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება დაასრულოს პუტინის რეჟიმი. რუსეთი მარტივ მამრავლებად დაშლას დაიწყებს. პირველ რიგში, ეს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაიწყება. ეს პროცესი საქართველოს აძლევს შანსს, დავიბრუნოთ აფხაზეთი. ამავე დროს იქნება ლეკიანობის საფრთხეებიც ჩრდილოეთიდან. ერთადერთი ხსნა ევროკავშირსა და უკრაინაშია. ყველა, ვინც ახლა საქართველოში რუსეთიდან შემოსული შავი ფულით ან პოლიტიკური მიზნითაა დაბრმავებული და ფსონს პუტინის რუსეთზე დებს, ძალიან სერიოზულად ცდება და ბოლომდე დამარცხდება.

ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე რუსეთის დაკვეთაა, საქმეები აღიძრა მას შემდეგ, რაც უკრაინაში გავაქტიურდი 2014 წელს და ოდესის გუბერნატორი გავხდი. მაშინ პუტინი გამხეცებული იყო და ახლაც სწორედ მოსკოვის პირდაპირი მითითებით აიგნორებენ ევროპის და უკრაინის მოწოდებას ჩემს განთავისუფლებაზე და სამკურნალოდ გადაყვანაზე.

უკრაინასთან ჩვენ 90-იანებშიც გვქონდა თბილი ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილი დაახლოება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ, რაც "ვარდების რევოლუცია" უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციის" შთაგონების წყარო იყო. საქმეებში ჩაერთო მაშინ პოლონეთიც. გაიხსენეთ ჩემი შვილი ნიკუშა, რომელიც სამებაში იუშჩენკომ და კაჩინსკიმ მონათლეს. შეიქმნა 3 ზღვის კონცეფცია. ჩვენ რუსეთის დაშლის პარალელურად, უნდა მივეკედლოთ ბალტიის, პოლონეთის, უკრაინის ღერძს. ამ ქვეყნებს ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, მაგრამ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველოს არავინ მიიკარებს და მაშინ შეიძლება, კავკასიურმა ძალადობრივმა ორომტრიალმა ქვეყანა შთანთქოს.

ერთი რამ ჩემთვის დღესავით ნათელია: რუსეთის ადგილი საერთაშორისო სისტემაში აღარ არის და ასეთი ქვეყანა მომავალ წელს თავის არსებობას შეწყვეტს. შესაბამისად, მისი ორბიტის მმართველები მოშორდებიან. საქართველო უნდა მოემზადოს უკრაინასთან საერთო საზღვრის არსებობაზე, სადღაც სოჭის მიდამოებში. უკრაინის ნაციონალისტთა პროგრამით მათი საზღვარი კავკასიაზე გადის და ისინი ომში გამარჯვების შემდეგ რუსეთის შემდგომ არსებობას არ დაუშვებენ, მით უმეტეს, რომ შავი ზღვის მიწებს ყუბანში და მთლიანად კრასნოდარში თავის ისტორიულ მიწებად მიიჩნევენ. ყუბანში ადგილობრივები დღემდე უკრაინულად ლაპარაკობენ",– ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპნაია "ფორმულასთვის" გაგზავნილ წერილში საუბრობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები