
ბიუროს სხდომა განახლდა, დემონსტრანტები კი ალყაში არიან
18/11/2019 15:35:04 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტში ბიუროს სხდომა განახლდა. სხდომას, რომლსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან პროპორციულ სისტემის შესახებ პროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, აღნიშნული სისტემით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, რაც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
მისი თქმით, პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა მოქალაქეთა ნაწილის განაწყენება გამოიწვია და მათ აქვთ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უფლება.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და გასცდა მშვიდობიან პროპტეტს ის, რაც ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ“,– განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, სამართალდამცველები დღეს სტანდარტის სრული დაცვით მოქმედებდნენ.
„შსს–მ უჩვენა მოქალაქეებს, როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ“.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ბოქლომს უბრუნებს.
„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის შესასვლელები სპეცრაზმმა გაწმინდა, დემონსტრანტები ამ დროისთვის პარლამენტის წინ იმყოფებიან, თუმცა მათ გარშემო პოლიციას აქვს ალყა შემორტყმული.