Accentnews.ge
"ოცნების" რუსული ფანდი და კრემლის რეალური ზრახვები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში

"ოცნების" რუსული ფანდი და კრემლის რეალური ზრახვები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში

31/05/2023 01:54:02 კონფლიქტები

სანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობაზე იმ სადეზინფომაციო პროპაგანდით ზემოქმედებას, თითქოს დათმობების სანაცვლოდ მოსკოვი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს, რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიურ ნაბიჯებს აძლიერებს, ადგილობრივთა სამართლიან პროტესტს ახშობს და პარალელურად აფხაზეთსა და სამაჩაბლოში "რუსული წარმოდგენილობის ზრდის აუცილებლობაზე" საუბრობს.

საქართველოს მრავალწლიანი დეკლარირებული პოზიციის თანახმად, ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დეკლარირების დონეზე ეს პოზიცია შეინარჩუნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამაც, რომლის 11-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართვლოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვისა და იმპლემენტაციის აუცილებლობის შესახებ, ასევე გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ "ქართული ოცნების" როგორც განცხადებები, ისე ქმედებები სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ამ დეკლარირებულ კურსს. გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები ბოლო წლებში პრაქტიკულად გაყინულია, სადღეისოდ კი თვალს ვადევნებთ ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციის შესრულების ფაქტობრივ საბოტაჟს, რომელთა შესრულება აუცილებელია, რათა ჩვენმა ქვეყანამ, მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიო" რომელშიც საქართველო წლების განმავლობაში ლიდერობდა, არ დაიშალოს. ამასობაში რუსეთი საქართველოში მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს და უომრად ითვისებს სულ უფრო მეტ ქართულ მიწას. ოკუპანტები დე ფაქტო საზღვრებთან ლამის ყოველდღიურად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. "ქართული ოცნება" კი ამ ფონზე „მშვიდობის შენარჩუნებით" იწონებს თავს და რუსეთის წინაშე სულ უფრო მეტ დათმობაზე მიდის.

ჯერ კიდევ 2022 წელს, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის საქართველომ "ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს".

2023 წლის 30 მაისს კი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დისკუსიისას ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის „ერთ-ერთ მიზეზად“ გაფართოებისკენ ნატო-ს სწრაფვა დაასახელა, რითაც სრულ თანხვედრაში მოვიდა კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდის ცნობილ ნარატივთან, თითქოს მეზობელი ქვეყნების მიმართ მოსკოვის უკვე მერამდენე აგრესია ალიანსის საზღვრების მათზე გაფართოებისკენ სწრაფვით აიხსნებოდეს. მოსკოვი, კერძოდ, ირწმუნება, რომ „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევას ისახავს მიზნად“ და უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენდა „პრევენციულ დარტყმას ნატო-ს მარიონეტი კიევის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთზე თავდასხმას გეგმავდა“.

ამავე კრემლისტური სადეზინფორმაციო ნარატივის საფუძველზე ცდილობენ საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ჯგუფები მოსახლეობაში იმ აზრის თესვას, თითქოს "ქვეყნის ხსნა" მდგომარეობს უარის თქმაში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც მოსახლობის 80%-ზე მეტის მიერ არაერთგზის დეკლარირებული ნების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერა. მათივე მტკიცებით, "ნეიტრალიტეტის გამოცხადება საქართველოს გამთლიანების გზას წარმოადგენს".

30 მაისს - იმ დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის კონტექსტში აქტიურად იყენებდა ანტიდასავლურ რიტორიკას რუსეთის მიმართ "ოცნების" დამთმობლური პოლიტიკის გასამართლებლად, ხოლო რუსეთს აფხაზეთში მისი საგრძნობლად გააქტიურებული ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სამხედრო ტექნიკა ჰყავდა გაყვანილი, მოსკოვიდან ისმოდა განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული წარმოდგენილობის ზრდის "აუცილებლობის" თაობაზე.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელმა ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ "მოსკოვი ვალდებულია, გაზარდოს თავისი წარმოდგენილობა როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, ისე აფხაზეთში, სახრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში". "არგუმენტად" კვლავ ის ანტიდასავლური პროპაგანდისტული გზავნილები გაჟღერდა, რომელსაც. სამწუხაროდ, მოსკოვის კვალდაკვალ სულ უფრო აქტიურად იყენებს საქართველოს ხელისუფლებაც.

"რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის გაძლიერება ქმნის უცხოეთში სამხედრო ბაზების ჩამოყალიბების დამატებით აუცილებლობას. "ცივი ომის" პერიოდში სსრკ-ს აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და კუბაში სამხედრო ბაზების განვითარებული ქსელი გააჩნდა. სადღეისოდ ღრმავდება კავშირები აფრიკულ სახელმწიფოებთან. კერძოდ, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც 2008-2010 წ.წ. რუსული სამშვიდობო კონტინგენტი იდგა, დღეს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის შექმნის სურვილს გამოთქვამს. ამაში არაფერია გასაკვირი: რუსეთი ხომ სადღეისოდ სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტს განასახიერებს და ძალუძს როგორც სამხედრო კონფლიქტების ეფექტურად გადაჭრა, ისე ცალკეულ ქვეყნებსა და მთელს რეგიონებში უსაფრთხებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. აფრიკაში ეს უკვე აქსიომად მიაჩნიათ. დროა, გავზარდოთ ჩვენი წარმოდგენილობა სხვაგანაც, მათ შორის - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, ასევე აფხაზეთში, სახრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში" - განაცხადა რუსმა სენატორმა.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ნებით არავის არაფერს უბრუნებს და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს დასავლეთისთვის ზურგის ქცევისა და რუსეთის მიმართ დათმობების სანაცვლოდ მოსკოვმა შესაძლოა, აფხაზეთი და სამაჩბლო დაგვიბრუნოს, სხვა არაფერია, თუ არა სრული სიცრუე და კრემლის მორიგი ფანდი.

საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვის რეალურ ზრახვებს ნათელს ჰფენს, უამრავ სხვა ფაქტთან ერთად, ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის - დიმიტრი მედვედევის განცხადებაც იმის შესახებ, რომ "საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთობა შეიძლება, მხოლოდ ახალი რუსული იმპერიის შემადგენლობაში აღიდგინოს".

ამგვარად, რეალობა ისაა, რომ მოსკოვი არათუ არ აპირებს, საქართველოს მისი ტერიტორიის ოკუპირებული 20% დაუბრუნოს, რომლის ანექსიასაც ცდილობს ამჟამად, არამედ გეგმავს, დარჩენილი 80%-იც თავად მიიერთოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S