
გომელაური: ბატონი ზელენსკიც ამბობდა, რომ ნატო-ს გულისთვის ომს დავიწყებთო
31/05/2023 08:35:22 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბრატისლავაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პრემიერს ახალი არაფერი განუცხადებია".
გომელაურის თქმით, ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს არ გაცნობია.
„ვინც რა თქვა საერთაშორისო პარტნიორებმა მე არ ვიცი, არ მიყურებია. თუმცა არიან საერთაშორისო პარტნიორები ამოფარებულები ჩვენი მეგობრის ნიღაბის ქვეშ. რეალურად, რაც თქვა ბატონმა პრემიერმა ყველაფერი ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი ახალი არავის არაფერი გაუჟღერებია, ბატონი ზელენსკიც ამბობდა მაგას ნატო-ს გულიზე ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ვითომ, ისე შეფუთეთ ეს. ეს არაერთხელ უთქვამს მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფო ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები. ახალი რა გაიგონეთ, ცოტა ჭიანჭველისგან სპილოს შექნას ცდილობს ოპოზიცია და ოპოზიციური არხებიც", - განაცხადა გომელაურმა [სტილი დაცულია].
გუშინ ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი.