
უგულავა: "არაფერი არ დამთავრებულა, პირველი მისია შესრულებულია"
18/11/2019 18:27:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრ ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ოპოზიციური პროტესტი გაგრძელდება და რუსთაველზე კარვები ისევ დაიდგმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქაოტურად არ ვმოქმედებთ, იყო გარკვეული კონსულტაციები. ოპოზიცია ერთიანია და გაჩერებას არ აპირებს. ვიმოქმედებთ სიტუაციისდა მიხდვით. ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ ბრძოლას",– განაცხადა ქარდავამ.
ცნობილია, რომ ოპოზიციური ლიდერები ხვალ "ლეიბორისტების" ოფისში გეგმავენ შეკრებას და ერთობლივი მიმართვის შემუშავებას. მათი სამოქმედო სტატეგიის შესახებაც ხვალ გახდება ცნობილი.
მანამდე "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი გაგრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა". ამის შესახებ მან დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
„შეხვედრის თემა მიმდინარე საკითხები იყო. მათ შორის ის საკითხიც უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის პარალელურად პოლიცია ხალხის დაჭერას განაგრძობს. ელისაშვილს იჭერდნენ და ხალხმა გამოსტაცა. პაატა მანჯგალაძეს ვაშაძის პარტიიდან რომ დაიჭერ, უკვე ტვინი თავში აღარ გაქვს და გადახურებული გაქვს. „გალერია თბილისის“ წინ აქეთ იქით რობოკოპებია ჩალაგებული. იქ ხომ არაფერი არ ხდება? ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა, მართლა შიზოფრენიკმა, გადაწყვიტა, რომ ამით ხალხს შეაშინებს?! დიპლომატიური კორპუსი ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, ქვეყანა ნორმალურ წესრიგს დაუბრუნდეს.
პროტესტი გაგრძელდება. აქ საკითხი ისე კი არ დგას, პროტესტს ჩვენ როგორ ვაგრძელებთ, აქ საკითხი სხვანაირად დგას. ხელისუფლება კიდევ რას იზამს, 10, 20, 30 შენობას დაიცავს? რობოკოპების გამოფენას მოაწყობს?! ყველაფერი გაგრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა. პირველი მისია შესრულებულია. კატაკომბაში სხედან ჟურნალისტების და ოპოზიციის გარეშე. ეს კობზონი ბრეჟნევივით ზის და ბიუროს სხდომას ატარებს. ძალის გადამეტება იყო. ხალხს იჭერენ, რამდენიმე ადამიანი კინაღამ დაიხრჩო“,- განაცხადა უგულავამ.
საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ყველა გაოცებული, აღშფოთებული და გაკვირვებულია, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების მხრიდან ასეთი დანაპირების შეუსრულებლობა“,– განაცხადა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ "შენების" მოძრაობის დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა.
„ე.წ. გერმანული მოდელის შინაარსის გარდა, ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა, 76 ხმა რომ არის საჭირო. რამდენიმე ელჩმა პირდაპირ მითხრა, ასეთი რამე რომ მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში, უმრავლესობა დაიშლებოდა, რადგან მათ მნიშვნელოვანი დანაპირები ვერ შეასრულა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ოპოზიცია არა ახალ რამეს, არამედ დანაპირების შესრულებას ითხოვს, ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ დაკეტა თემა და ახლა ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი წარმოაჩინოს კანონდამრღვევ ბანდიტებად“:
„ამ შესრულების გზაც ჩვენ მოვუტანეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ოპოზიციამ მოიფიქრა გამოსავალი. სწორედ „გერმანული მოდელი“ იყო ივანიშვილისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა“.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირებული შესასვლელები ძალის გამოყენებით დაშალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ გეგმების შეცვლას არ არ აპირებს.