საქართველო და რეგიონული გამოწვევები

02-06-2023 13:39:03 ანალიზი

საქართველო ისტორიულად ურთულეს რეგიონში მდებარეობს. ეს ქვეყანას აიძულებს, მუდმივად იყოს ჩართული სხვადასხვა გარე ძალების ინტერესთა დაპირისპირებაში - იმდენად, რამდენადაც საკუთარი რესურსები, სუვერენიტეტი და საერთაშორისო დონეზე გავლენა აძლევს შესაძლებლობას. დღეს ეს გამოწვევები განსაკუთრებულად გართულდა. რამდენად მოახერხებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, გაუმკლავდეს გამოწვევებს ისე, რომ ერთის მხრივ, იყოს მოქნილი, გაითვალისწინოს სხვადასხვა დიდი მოთამაშის ინტერესები და ამავე დროს შეინარჩუნოს სუვერენიტეტი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ პოლიტიკაში - ამას დრო გვიჩვენებს. შევეცდები, განვიხილო ის გამოწვევები და გეოპოლიტიკური გარემო, რომელიც დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა და უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით გამოიკვეთა.

რუსეთი

პოსტბოლშევიკური, პოსტიმპერიალისტური ბირთვული სახელმწიფო, რომლის სამხედრო და პოლიტიკური გავლენა სულ ცოტა ხნის წინ ზოგიერთს უსაზღვროდ ეჩვენებოდა, დღეს დგას უმძიმესი პრობლემების წინაშე. საკმაოდ მძიმე სანქციებმა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს, მაგნიტსკის სიით დაიწყო, შემდეგ მოჰყვა 2014 წლის ექსპანსია უკრაინაში, კიდევ მოგვიანებით - 2022 წლის სრულმასშტაბიანი აგრესია, უკიდურესად მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათი მიიღო და რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანქციები გრძლვადიან ზემოქმედებაზეა გათვლილი, ხოლო რუსეთის შიდა რესურსებისა და მორჩილი პოპულაციის გათვალისწინებით, შეიძლება, ათწლეულები გაგრძელდეს ხილული შედეგის გარეშე.

უკრაინაში 2022 წლის ომის დაწყებიდან რუსეთმა, როგორც დიდმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, უმძიმესი რეპუტაციული, ეკონომიკურ-ფინანსური, სამხედრო, პოლიტიკური და კულტურულ-იდეოლოგიური დარტყმა განიცადა. ამის შედეგად მან დაკარგა გავლენის დიდი წილი ცენტრალურ აზიაში და ამ რეგიონში ჩინეთმა ჩაანაცვლა. ნატო-ს გაფართოების საბაბით წამოწყებულმა ომმა უკრაინაში გამოიწვია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი გაფართოება რუსეთის უშუალო საზღვრებთან - ფინეთზე და ბალტიის ზღვა ნატო-ს შიდა ზღვად აქცია.

უკანასკნელ პერიოდში რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაშიც მცირდებოდა. მისი ერთადერთი დასაყრდენი (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული კვაზისახელმწიფოებისა) იყო სომხეთი, მაგრამ ყარაბაღის ბოლო ომმა სომხეთს დაანახა, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია. კრემლმა ორმხრივი თამაში დაიწყო, რამაც ამ კონფლიქტში სომხეთი მარცხამდე მიიყვანა. ამის შედეგად სომხეთში გამოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც დასავლეთისკენ გადაიხარნენ და კუხო-დან გასვლით იმუქრებიან.

როგორც ჩანს, კრემლმა კარგად დაინახა საკუთარი პოზიციების შესუსტება სამხრეთ კავკასიაში და ამის დასაბალანსებლად დაიწყო მაქსიმალური გააქტიურება საქართველოში. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია რუსეთის „რბილი ძალით“ ექსპანსიისა. გააქტიურდა საუბრები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც. ამ თემის განხილვა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ საქართველოს პრორუსულ პოლიტიკურ წრეებში წამოიწია კონფედერაციის თემამ “ტერიტორიების დაბრუნების” სარჩულით. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პარლამენტშიც კი არსებობს ღიად პრორუსული ფრაქცია, ადვილი გამოსაცნობია, თუ რამდენად რეალურია საფრთხე.

აქ უნდა განვმარტოთ, რომ “კონფედერაცია” ფუნდამენტურად განსხვავდება ფედერაციისაგან, განსაკუთრებით - ცენტრალიზებულისგან (ისეთისგან, როგორიც რუსეთია) და მის შემადგენლობაში მყოფ სახელმწიფოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ კონფედერაციიდან დაუკითხავად გასვლა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ კონფედერაციას დასთანხმდეს, საქართველოს მოუწევს საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. არ არის გამორიცხული, რუსეთმა ტერიტორიების “დაბრუნების“ საფასურად მოგვთხოვოს ისეთი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, როგორიც ბელარუსთან აქვს დადებული, რაც საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს სუვერენიტეტს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შესაძლებელი სცენარია, მაგრამ Praemonitus, praemunitus (გაფრთხილებული ხარ - ე.ი., შეიარაღებული). საფრთხე კი სრულიად რეალურია გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის განწყობიდან, რომელიც დეოკუპაციის სატყუარაზე შეიძლება, წამოეგოს და ზეწოლაც კი მოახდინოს ხელისუფლებაზე.

არ შეიძლება, არ შევეხოთ რუსეთის „რბილი ძალის“ კიდევ ერთ ასპექტს - საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადის შემოდინებას, რომელიც მოჰყვა რუსი მოსახლეობის ნაწილის სრულიად უკონტროლო მიგრაციას საქართველოში. ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები ხალხისა და ფინანსების შემოდინებას მაქსიმალურად გამოიყენებდნენ, რადგან ათეულობით ათასი განათლებული, მოტივირებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი ახალგაზრდა რუსი შემოვიდა ქვეყანაში, მაგრამ ასეთი მასშტაბით რუსული მოსახლეობის სწრაფ მატებას საფრთხეებიც ახლავს თან - როგორც დემოგრაფიული, ისე ფინანსური და პოლიტიკური. და როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ამ საფრთხეებს არავინ ითვალისწინებს - არც ხელისუფლება, არც მოსახეობის უმრავლესობა და ეს უკანასკნელი ყველაზე საშიში ფაქტორია.

თურქეთი

ჩვენი სამხრეთ მეზობელი, ნატო-ს წევრი ქვეყანა თურქეთი ერთ დროს ევროპული მისწრაფებებით იყო აღსავსე, მაგრამ ევროკავშირის გადამეტებულად ფრთხილმა პოზიციამ ეს მისწრაფებები მნიშვნელოვნად შეასუსტა და დღეს ჩვენ ათათურქის იდეებისაგან სრულიად განსხვავებულ თურქეთს ვხედავთ.

მაისის არჩევნებში ერდოღანის გამარჯვებამ ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაამძაფრა. არჩევნებში ერდოღანის მეტოქე ქილიჩდაროღლუ სწორედ ქემალისტურად განწყობილი ოპოზიციის მხარდაჭერით სარგებლობდა. ოპოზიციის ძირითადი მოწოდება იყო თურქეთის კვლავ საპარლამენტო სახელმწიფოდ გადაქცევა, დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობების დალაგება, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. მართალია, არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო უპირატესობით. ქვეყნის მოსახლეობა პრაქტიკულად ორად არის გახლეჩილი. სიტუაციას ამძიმებს უკიდურესად რთული ფინანსურ-ეკონომიკური ვითარება, ლირის გაუფასურება და უზარმაზარი ინფლაცია, რაც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას მძიმე ტვირთად დააწვა.

ამის საპირწონედ ერდოღანმა თავის ამომრჩეველს შესთავაზა თურქეთის სახელმწიფოს სიდიადის დაბრუნება, გიგანტური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, საერთაშორისო გავლენის გაძლიერება, - ერთი შეხედვით და უფრო ახლო განხილვითაც, ეს ძალიან წააგავს პუტინისტური რუსეთის იდეოლოგიას.

თავიდან ერდოღანი ცნობილი იყო ზომიერ, დაბალანსებულ პოლიტიკოსად. ყველაფერი შეიცვალა 2016 წლის 15 ივლისს, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ერდოღანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. როგორც ამბობენ, გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე მას ამაზე ინფორმაცია რუსულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს, რამაც ერდოღანს მისცა მცირე, მაგრამ მაინც საკმარისი დრო, ჯანყი ჩაეხშო, სამხედრო ელიტა კი ციხეებში გამოეკეტა. ორი კვირის შემდეგ ერდოღანი პუტინმა სანქტ-პეტერბურგში მიიწვია. ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების რადიკალური შემოტრიალების წერტილად იქცა (მანამდე თურქეთსა და რუსეთს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობდა სირიის ომის საფუძველზე, ამ კონტექსტში 2015 წელს თურქების მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი და მის გარშემო მომხდარი დაპირისპირებაც შეგვიძლია, გავიხსენოთ). პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა ნელ-ნელა პუტინის გზით დაიწყო სვლა. 2017 წელს რეფერენდუმის საშუალებით ის ცვლის კონსტიტუციას და თურქეთი საპრეზიდენტო ქვეყანა ხდება. ამის შემდეგ ერდოღანი პრაქტიკულად ავტოკრატი მმართველი გახდა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თურქეთი ერთი ხელით ეხმარება უკრაინას, მეორეთი კი რუსეთისთვის წარმოადგენს ღია კარს მსოფლიოში. ის არ შეუერთდა სანქციებს და რუსეთი სწორედ თურქეთის გავლით ახდენს ტვირთების გადაზიდვას, ასევე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს, რაც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თურქეთი არ არის გამოკვეთილი ავტოკრატია. ის უფრო ავტოკრატის ხელში მოხვედრილი დემოკრატიული ქვეყანა გახლავთ. მაისის არჩევნების შემდეგ ერდოღანი სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს საკუთარ გავლენას და არც დასავლეთთან ურთიერთობების დათბობაა მოსალოდნელი.

ეს ყველაფერი საქართველოზეც იქონიებს გავლენას, რადგან დასავლეთთან დაპირისპირებული და კრემლთან დაახლოებული თურქეთი საქართველოსთვის კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ საფრთხედ უნდა მივიჩნიოთ.

აზერბაიჯანი, სომხეთი და ყარაბაღის პრობლემა

ჯერ კიდევ ბოლშევიკების პერიოდში რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში ჩადებული ყარაბაღის ნაღმი სსრკ-ის დაშლიდან დღემდე გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება. სისხლიანი ომები, შეტაკებები, მუდმივი დაძაბულობა ფიტავს დაპირისპირების ორივე აქტორს. მხოლოდ სომხეთის მხრიდან დაღუპულია 3000 ადამიანზე მეტი. მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის რეპროდუქტიული ასაკის მოსახლეობის ასეთი დანაკარგი აუნაზღაურებელი პრობლემაა. ბოლო ომის შედეგებმა კი მორალურადაც დააზიანა სომხეთის მოსახლეობა. დღეს სომხეთში უკვე აღარ ისმის მილიტარისტული მოწოდებები. მეტიც, აღარ არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით. დრო დადგა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დამთავრდეს, რისთვისაც ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია ამ კონფლიქტში და ბენეფიტების მიღებას აპირებს მისი გახანგრძლივებიდან.

აუცილებელია, აღინიშნოს, რომ რუსეთიდან მომავალი ხმაურიანი გზავნილი, რომ პუტინის შუამავლობით მოსკოვში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერმა პირველად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად სცნო, არ შეესაბამება სიმართლეს: სომხეთი არასდროს აღიარებდა ყარაბაღის ან დამოუკიდებლობას, ან ამ ტერიტორიის სომხეთის საზღვრებში ცნობას. პირიქით, სომხეთიც და აზერბაიჯანიც მუდმივად ადასტურებდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის 21 დეკემბრის ალმა-ათის დეკლარაციის შესაბამისად, ამიტომაც იმის თქმა, რომ ფაშინიანმა უღალატა ყარაბაღს და სომეხ ერს, გახლავთ რუსეთიდან წამოსული ნარატივი, რომელიც სომხეთის პრემიერის საერთაშორისო იმიჯის შელახვას ემსახურება.

სინამდვილეში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არასდროს ყოფილა ტერიტორიული პრეტენზიები. კონფლიქტი ეხებოდა მხოლოდ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებების დაცვას და მათ სამხედრო მხარდაჭერას. დღესაც დღის წესრიგში მხოლოდ ეს ორი საკითხია - კონფლიქტის საბოლოო დასრულება და გარანტიები ყარაბაღის სომხური მოსახლეობისათვის. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ჯერ ვერ ახერხებს ამ გარანტიებზე სომხეთთან შეთანხმებას.

კონფლიქტის მოგვარებაში ორი მხარეა ჩართული - დასავლეთი და რუსეთი. რუსეთი, რომელიც სომხეთის მხარდამჭერად მოიაზრებოდა, დღეს ორმხრივ თამაშში ისეა ჩართული, რომ რაც შეიძლება, გაახანგრძლივოს ეს დაპირისპირება, რაც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სამხედრო ძალები “მშვიდობისმყოფელების” სტატუსით მაქსიმალურად დიდი ხნით ჩატოვოს კონფლიქტის ზონაში. დაპირისპირების ყველაზე მტკივნეულ საკითხს სწორედ ლაჩინის კორიდორი წარმოადგენს, რომლის კონტროლი რუსეთის ”მშვიდობისმყოფელებს” უნდა უზრუნველეყოთ, თუმცა მათი მხრიდან არ მოჰყოლია რეაგირება არც აზერბაიჯანული ბლოკპოსტების გახსნას და არც ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების შეფერხებას სომხეთიდან ყარაბაღში.

დასავლეთის პოზიცია ბევრად კონსტრუქტიულია. მისი მიზანია მშვიდობის დამყარება საზღვარზე და შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ყარაბაღის წარმომადგენლების მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმა უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე სასაუბროდ. ეს სცენარი რუსეთის “მშვიდობისმყოფელების” რეგიონიდან გაყვანით დამთავრდება.

დღეს სომხეთში უკვე ღიად გაისმის რუსეთის მიმართ უკმაყოფილება. რუსეთმა დაარღვია სომხეთისთვის მიცემული ყველა პირობა, მათ შორის - 2021 წელს იარაღის მიწოდების კონტრაქტი. ამის საპირისპიროდ დასავლეთი, კერძოდ საფრანგეთი ძალიან აქტიურად ჩაერთო კონფლიქტის დარეგულირებაში. სომხეთისთვის იარაღის დიდი კონტრაქტი კი ინდოეთმა გააფორმა, რაც ამერიკის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

საინტერესოა ირანის პოზიციაც: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალები სომხეთის საზღვარზე არიან განლაგებულნი, რათა ამ ქვეყნის მიმართ აზერბაიჯანის შესაძლო აგრესია შეაჩერონ.

თურქეთის პოზიციაც ცნობილია: ის ღიად პროაზერბაიჯანულია, ხოლო ბოლო ხანებში გამოკვეთილი განწყობების გათვალისწინებით, რუსული სცენარის მხარეს გადაიხრება. თურქეთს აზერბაიჯანთან და რუსეთთან ერთად აქვს კიდევ ერთი ინტერესი - ზანგეზურის კორიდორი, რომლის სომხეთისთვის თავს მოხვევას ცდილობს.

რომელ გზას აირჩევს თავად სომხეთი - დრო გვიჩვენებს, თუმცა კრემლის რიტორიკა უკვე მუქარის ტონს შეიცავს. მისასალმებელია, რომ გრძელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრები დასავლურ მოედანზე, კერძოდ მოლდოვაში, დაგეგმილია შეხვედრები ვაშინგტონში, მადრიდსა და ბრიუსელში, რაც ტოვებს იმედს, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში დასავლეთის ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.

საქართველომ, სამწუხაროდ, ვერ მოიპოვა მიუკერძოებელი შუამავალის როლი ამ კონფლიქტში. ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენს ინტერესებში შეიძლება, იყოს, არის ამ კონფლიქტში დასავლეთის პოზიციის მხარდაჭერა. რუსული სცენარი კი ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანი საფრთხე იქნება - როგორც რუსული ჯარების რეგიონში დარჩენის, ისე ცხელი წერტილის შენარჩუნების თვალსაზრისით.

შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი

არსებული საერთაშორისო ვითარების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებამ. ამ მიმართულებაზე გადის როგორც სხვადასხვა სახის სავაჭრო, ასევე სასურსათო და ენერგომატარებლების გადაზიდვების გზები. ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ენერგოკაბელის შავ ზღვაში გატარების თაობაზე. შავ ზღვაში კონცენტრირდება არა მარტო იმ შვიდი ქვეყნის ინტერესები, რომლებიც ესაზღვრებიან ამ აუზს, არამედ ცენტრალური აზიის, ჩინეთის, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისაც. და აი, ასეთი მნიშვნელობის საკომუნიკაციო მაგისტრალზე დღეს რუსეთი თავისი სამხედრო გემებითა და ნაღმებით უაღრესად სახიფათო ვითარებას ქმნის.

მართალია, თურქეთი, როგორც მონტროს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, აკონტროლებს სრუტეებს, მაგრამ რუსეთს შიდა აკვატორიაში აქვს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა, ჰყავს სხვადასხვა წყალწყვის სამხედრო გემები, წყალქვეშა ნავები. მათი საშუალებით რუსეთი მთლიანად ბლოკავს უკრაინის პორტებს. ოდესა, ნიკოლაევი, ჩერნომორსკი, იუჟნი, ხერსონი, აზოვის ზღვაზე ბერდიანსკი და მათ გარშემო განლაგებული ინფრასტრუქტურა სრულიად პარალიზებულია. სასურსათო შეთანხმება, რომელზეც თითქოსდა მოხდა მოლაპარაკება, ლავროვის თქმით, უკვე შეიძლება, გაუქმებულად ჩაითვალოს. უკრაინის ტერიტორიული წყლები დანაღმულია და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს შემთხვევით მოწყვეტილი და თავისუფლად მოცურავე ნაღმები. როდის და რომელი ქვეყნების ჩართულობით მოხერხდება მათი განაღმვა - ჯერ უცნობია.

რუსეთის ამგვარი ბლოკადა და საფრთხის შექმნა მშვიდობიანი სავაჭრო თუ ჰუმანიტარული გადაზიდვებისთვის შეიძლება, მეკობრეობად განვიხილოთ.

აქვე შეიძლება, გავიხსენოთ, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა მოხდა 1794 წლის კანონის საფუძველზე, როდესაც ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა სამხედრო გემების მშენებლობას, რომლებსაც უნდა დაეცვათ ამერიკული სავაჭრო ფლოტი ბერბერი მეკობრეებისაგან ხმელთაშუა ზღვაში. დღესაც ამერიკის ფლოტის მთავარი მიზანი თავისუფალი ნაოსნობის დაცვაა, მათ შორის - სამხეთ-აღმოსავლეთ აზიის სრუტეებსა და სპარსეთის ყურეში. არ გამოვრიცხავდი, რომ მოკლე ხანში მოხდეს კოალიციური სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართვით შავი ზღვის აკვატორიაში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა. მართალია, მონტროს ხელშეკრულება ზღუდავს სამხედრო ფლოტის ყოფნას ამ აკვატორიაში, მაგრამ განსაკუთღებული ვითარების გათვალისწინებით, ამის შესაძლებლობა არსებობს.

ცხადია, საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში ფრიად შეზღუდულია ქვეყნის ფლოტის უკიდურესი სიმწირის გამო, მაგრამ თუნდაც სამართლებრივ დონეზე ჩვენი მონაწილეობა მისასალმებელი იქნებოდა.

დასკვნის სახით, საქართველო დღეს ისტორიის უაღრესად მწვავე ეტაპზე იმყოფება. ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის ერთიანობას, რაციონალობას და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო ამ პერიოდს განსაკუთრებული რყევების გარეშე გაივლის.

მამუკა გამყრელიძე - „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები