
სუს–მა ორმაგი დანიშნულების პროდუქცია შესაძლოა, ლიცენზიის გარეშე იყიდოს
06/06/2023 04:23:34 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შესაძლოა, ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდნენ.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენას ახორციელებენ, რომლებიც მათი სპეციფიკაციიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კატეგორიაში ხვდებიან და შესაბამისად, მათი იმპორტი ან ექსპორტი სათანადო ნებართვების მიღებას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციულ-ფორმალური პროცედურების გავლას უკავშირდება და პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის პროცესის შეფერხებას იწვევს.
“კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდებიან, რაც აღნიშნული სუბიექტების მიერ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელებას მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს და მოქნილს გახდის“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
კანონის პროექტის ინიციატორები არიან: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.