Accentnews.ge
"უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში სახელმწიფო და პოლიცია  გააკეთებენ იგივეს"

"უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში სახელმწიფო და პოლიცია გააკეთებენ იგივეს"

19/11/2019 09:14:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები" კვლავ მოახდენენ პარლამენტის ბლოკირებას, პოლიცია გააკეთებს იგივეს.

„საბედნიეროდ ან სამწუხაროდ, ეს შეკითხვა, ვინ გასცა ბრძანება მეორდება. ამაზე რა შემიძლია ვთქვა. ადრე, რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა როგორც შს მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერია. მოდით, შევთანხმდეთ ასეთ რამეზე პირველი – ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ, ჯერ ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში. პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა, უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირების უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, შემდგომშიც პოლიცია და სახელმწიფო მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

„რაც გააკეთა, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებენ სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებენ იგივეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რიგმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობები, მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.

17 და 18 ნოემბერს დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამეტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მომხდარის შედეგად  5 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S