ზაკაევი: ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, ადამიანები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, კადიროვის წარმომადგენლები არიან
07/06/2023 05:26:28 პოლიტიკა
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი აცხადებს, რომ "ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ".
„ეს ადამიანი არავითარი ოპოზიცია არ არის კადიროვის, დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს, ადამიანები, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს და არ ეთანხმებიან კადიროვის რეჟიმს, ეს ადამიანები ცოცხლები ვერ რჩებიან, ისინი უბრალიდ ქრებიან. ეს ადამიანები ფიცს დებენ კადიროვის ერთგულებაზე, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩნეთში დღეს არ არსებობს კადიროვის ოპოზიცია. ადამიანები, რომლებმაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ისინი არიან კადიროვის წარმომადგენლები“, – განაცხადა ზაკაევმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, "ისინი ვერ გადალახავდნენ საქართველოს საზღვარს რომ არ ყოფილიყო შესაბამისი მითითება ან ზარი რუსეთის ხელისუფლებიდან საქართველოს ხელისუფლებაში":
"ასე უცებ ვერ მოხვდებოდა ეს ესკორტი საქართველოში რომ არ ყოფილიყო წინასწარი ნებართვა. ასეთ შემთხვევაში ნებართვებს გასცემენ უმაღლესი რანგის პირები. ეს პირები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, არიან რუსეთის ძალიან დიდი გავლენის ქვეშ", განაცხადა აჰმედ ზაკაევმა.
ამავე თემაზე: მედიასა და სოცქსელებში „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე იუწყებიან, დეპუტატი "ოცნებიდან" აღნიშნულს უარყოფს.


