მედიასა და სოცქსელებში „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე იუწყებიან, დეპუტატი "ოცნებიდან" აღნიშნულს უარყოფს

05-06-2023 09:32:18 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ “გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად" საქართველოში იმყოფებოდნენ.

იგი მიანიშნებს, რომ ქვეყანას არა ე.წ. კადიროველები, არამედ პირიქით, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან დაპირისპირებული პირები სტუმრობდნენ.

სამხარაძე საკითხის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს „ნაცების მიერ შექმნილ პროვოკაციას" უწოდებს.

„რაც გავარკვიე, ერთი საერთო აქვს ნაცების მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს: თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, ნაცები ატეხავდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეუქმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს – კადიროველები… დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა. სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა. ანუ სინამდვილეში ისევ ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და დაზომბებული რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია. ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს. რაც შეეხება მათ უზრდელობებს – ყველას დედებს მოვიკითხავ, ვინც ამ უზრდელობის კამპანიაშია ჩართული!”, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

გუშინ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი სავარაუდოდ, G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც, ტელეარხის ცნობით, სოფელ ნატახტართან არის გადაღებული. მოგვიანებით, გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახულია იგივე ავტომობილები, პარკირებული უკვე ბათუმში.

სოცქსელების მომხმარებლების ნაწლი წერს, რომ მაისში საქართველოს რამზან კადიროვის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

როგორც პანკისის ხეობის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "გავრცელებული კადრები რამზან კადიროვის ესკორტის იმ ნაწილს ასახავს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვან მისიაზე უშვებენ და ეს რაზმი სადაზვერვო საქმიანობას ეწევა".

"ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის" (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სერგეი სუმლენი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს, რომ "777-77" ნომრები რუსეთში ძირითადად დანაშაულებრივი საყაროს, მთავრობის, ან სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის გაიცემოდა".

"საინტერესოა, რომ სერია "77" ოფიციალურად აღარ არსებობს ახალად დარეგისტრირებული ავტმობილებისთვის, მაგრამ მემკვიდრეობით გადაეცემათ სისტემის შიგნით", - წერს ექსპერტი და ავრცელებს ვიდეო და ფოტომასალას, თუ როგორ გადაადგილდება მსგავსი ესკორტი სხვდასხვა დროს და სავარაუდოდ, არა მხოლოდ რუსეთში.

ერთ-ერთი ვერსიით, ესკორტით საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი გადაადგილდებოდა. ასეთივე ავტომობილები მსგავსი ნომრებით ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამ–არხზე ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით ერთი წლის წინ არის გამოქვეყნებული.

„კავკაზსკი უზელი“ («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელია, რომელიც კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან აქვს. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.

2020 წლის აპრილში რამზან კადიროვი საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმელის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მუქარების ფონზე გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს. თავის სოფელში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბიზნესმენი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ "კადიროვმა ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, მათ შორის ფინანსური ინტერესების გამო მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები