
"რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
23/05/2019 13:18:09 სხვა, სამართალი
წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"–ის ვებ-გვერდი აქვეყნებს.
მედიასაშუალების ცნობით, ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა.
“გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება/დაკვირვება დინამიკაში. სწორედ დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის თბილისში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.
“კურიერის” ოპერატორმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო. კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი”, – ვკითხულობთ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს–ს ცნობით, მომხდარან დაკავშირებით ერთი პირი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. გამოძიება კი სსკ-ის 126 მუხლის პრიმა (ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მიმდინარეობს.