
„სინამდვილეში პრეზიდენტი ქირქილებს და შაყირის რეჟიმშია გადასული“
19/11/2019 10:36:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საზოგადოებრივი ორგანზიაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან - გაეროდან გასცა დაპირება, რომელიც არ შესრულდა, ზურაბიშვილი ქირქილის ხასიათზეა.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით შეხვდებოდა, არ შესრულდა, პრეზიდენტმა მხოლოდ ერთი ზოგადი განცხადება გააკეთა.
„სინამდვილეში პრეზიდენტი არ დუმს: თუ მისი მეგობრების ფეისბუქ-გვერდებზე შეხვალთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ „დედრიონად“ იქცნენ, პრეზიდენტი ძალიან ბევრს აკომენატრებს და ქირქილებს - შაყირის რეჟიმშია გადასული იმ პროცესების მიმართ, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რამდენიმე მათგანი ჩემს მეგობრებშია და ამიტომ შემხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს, ქირქილის, ნიშნისმოგებით საუბრის ხასიათზეა, როდესაც ის ვითარების განმუხტვის, საზოგადოების დაწყნარების და გამოსავლის ძიებაში უნდა იყოს. როგორც ჩანს, მას არ აწუხებს, რომ მასაც მიაცემინეს პირობა, რომელიც დაირღვა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში.
გუშინ პრეზიდენტს მიმართა "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა.
"პრეზიდენტო, ჩაერიე სანამ დროა, ეს კონსტიტუცია სახელმწიფოს მეთაურობას რომ გავალებს, ის სახელმწიფოა დღეს ხიფათში და საფრთხეში, - ნათქვამია უსუფაშვილის მიმართვაში.
ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რიგმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობები, მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
17 და 18 ნოემბერს დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამეტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მომხდარის შედეგად 5 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.