Accentnews.ge
დავით უსუფაშვილი: ახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალებით

დავით უსუფაშვილი: ახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალებით

07/06/2023 10:10:07 პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციის შექმნაა შესაძლებელი, ხოლო არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკის შექმნა მოქმედი კონსტიტუციით შეუძლებელია.

„ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად, საქართველომ მიიღოს მკვეთრად და მკაფიოდ პროდასავლური სახელისუფლებოო კოალიცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილს ვერ ვხედავთ, ამისთვის საჭიროა სწორი ტაქტიკით გასვლა არჩევნებზე. არასწორი ტაქტიკა იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დავდგეთ სხვა ყველა პოლიტიკური ძალა, წავიდეთ ისევ პოლარიზებულ გარემოში და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ტაქტიკურად სწორი ამოცანაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს რასაც მიიღებს, პლუსების და მინუსების გათვალისწინებით და ამას არ გადაჰყვეს საქართველოს მომავალი, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიულობა და არა ორი პარტიის მონაცვლეობა და ან ორი ლიდერს შორის დაუსრულებელი ბრძოლა, რომელსაც ეწირება ქვეყნის კეთილდღეობა. რაც შეეხება არჩევნების შედეგების შემდგომ კოალიციის ფორმირებას, ეს შემდეგი საკითხია და ამაზე ვისაუბრებ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის თანახმად, მომავალ არჩევნებში ბლოკი აღარ იარსებებს. მისი თქმით, პოლიტიკური ცენტრი არა პარტიების ერთად დაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით უნდა შეიქმნას:

„სადმე ნახეთ, რომ „ლელომ“ თქვა, „არჩევნებზე მე ამ პარტიასთან გავალო?“ მით უმეტეს კონსტიტუციაში წერია, რომ ორპარტიული ბლოკი აღარ იარსებებს მომავალ არჩევნებზე. „ლელო“ ყველა არჩევნებზე მიდიოდა როგორც პარტია. არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციაა შესაძლებელი, არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკი არის შეუძლებელი. რაც შეეხება პოლიტიკურ ცენტრს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის პარტიული ასოციაციის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სწორ გზაზე, შესაქმნელია არა დღეს რომ 3-4 პარტია აქ დგანან, მათი ასე ან ისე გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით. დღევანდელი პოლიტიკური პარტიების გადანაცვლება -გადმონაცვლება არ არის საკმარისი ამოცანა. გასააქტიურებელია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღევანდელო მდგომარეობით უკმაყოფილოა პარტიული სისტემით”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარტია “ლელო” მხარს უჭერს ისეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და დასძინა, რომ ორპოლუსიანობა “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S