
"პოლიციამ დანა გახსნა და მოქალაქეებს ემუქრებოდა": ქობულეთში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
08/06/2023 07:44:23 სამართალი
ქობულეთში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
როგორც ტელეარხს შსს–ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით 4 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
დაკავებულების ადვოკატი ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ქალაქის პარკის გარდა, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი ქობულეთში მდებარე პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა".
"პოლიციის თანამშრომელმა დანა ამოიღო, გახსნა და კადრებში ჩანს, რომ ემუქრება მოქალაქეებს. ფაქტის ამსახველი ვიდეოები გენერალურ ინსპექციაში უკვე გადავაგზავნე. ახალგაზრდები უბრალოდ კარგ ხასიათზე იყვნენ, ბულვარში მიდიოდნენ, იცინოდნენ. ეკიპაჟები კი მათთან შეურაცხმყოფელი მიდგომით მივიდნენ", - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.