ევროპარლამენტარი: "ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა"

08-06-2023 15:17:41 ციტატა

"პირველ რიგში, ქალბატონ სეფაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა, სხვაგვარად ფრენები ვერ აღდგებოდა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივი იყო. გარდა ამისა, დიახ, იყო მოწოდებები 2019 წელს, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს იყო ომამდე და რუსეთის აგრესიამდე", - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა "ხალხის ძალის" დეპუტატს ეკა სეფაშვილს, რომელმაც ბრიუსელში მიმდინარე განხილვაზე თქვა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე მაისის მეორე ნახევრიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტით პირველი რეისი შეასრულა რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც მანამდე მხოლოდ რუსეთის შიდა რეისებზე მუშაობდა, 20 მაისს კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით რეისების განხორციელება ქართულმა "ჯორჯიან ეარვეისმა" დაიწყო. აშშ-ის ადმინისტრაციამ მკაცრად გააფრთხილა ქართული მხარე იმ კომპანიების მოსალოდნელი დასანქცირების თაობაზე, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში სანქცირებულ რუსულ საჰაერო ხომალდებს მოემსახურებიან. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ რეისებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები და ხომალდები შეასრულებენ, რომლებზეც საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები