
"ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ბროშურაში საქართველო რუსეთის ნაწილადაა მითითებული"
23/05/2019 13:45:04 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ბროშურაში საქართველო რუსეთის ნაწილადაა მითითებული, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "Justice International" ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სამარცხვინოა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ბროშურაში საქართველო რუსეთის ნაწილადაა გამოსახული და მის ნაცვლად სომხეთია მონიშნული სასამართლოს წევრ ქვეყნად“, – წერს ჯეირანაშვილი.
როგორც ჯეირანაშვილმა "აქცენტს" განუცხადა, საკითხი მან სასამართლოს წარმომადგენლებთან დააყენა:
"სასამართლოს წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ყოვლად მიუღებელია მსგავსი რამ. მათ ბოდიში მოიხადეს და არკვევენ, ვისი ბრალია".
ცნობისთვის: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, რომელსაც ფატუ ბენსუდა ხელმძღვანელობს, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებებს იძიებს. რუსეთი უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
"აქცენტი" განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიზნობრივ ფონდში (Trust Fund) 20 ათას ევროს შეტანას გეგმავს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხის გამოყოფა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან დაევალა.
ფონდი 2004 წელს შეიქმნა და მიზი მიზანი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ომის დანაშაულისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა.