
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს: "სიცოცხლეს გაგიმწარებთ!"
19/11/2019 15:27:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია 25 ნოემბერს 19:00 საათზე აქციას პარლამენტთან ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემონსტრანტები პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.
„ჩვენ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს (გერმანული მოდელით) აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ორშაბათს პარლამენტთან იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ, დაგვშალოთ. სამშაბათს სესია უნდა გაიმართოს, რის უფლებასაც არ მივცემთ. [...] თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა, მაშინ ჩვენ ქართული პოლიცია უნდა გამოიყვანონ, და ყველა, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები, უნდა გაგვწირონ, როგორც გაგვწირეს, კიდევ მოიყვანონ წყლის მანქანა, კიდევ გამოიყვანონ 5 000 პოლიციელი, ჩააცვან იარაღი, გვბეგვონ. [...] ბოლომდე გამოვწურავთ ყველაფერს, სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, – მიმართა ხელისუფლებას დიღმელაშვილმა.
ამასთან, გეგმებთან დაკავშირებით აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გუგავამაც ისაუბრა:
„მაქვს პატივი, ოპოზიციური ფორმატის სახელით გამოვაცხადო დღეს შეთანხმებული მოქმედების გეგმა. გუშინდელ დღეზე ის მიიღებს უმწვავეს აქციებს. ორშაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პიკეტირება პარლამენტის. ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტიტუციური, კანონიერი, მათგან განსხვავებით. ჩვენ ვაიძულებთ რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი,სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთვარდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამავე დროს, ყოველდღიურად ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარმეო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას“.
ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რიგმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობები, მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვების შესახებ გამოაცხადეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.
15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.
კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
17 და 18 ნოემბერს დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამეტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მომხდარის შედეგად 4 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.