
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი "პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება, მან ეს უკვე სცადა საქართველოში"
12/06/2023 09:27:32 ევროპა
დასავლეთის ამოცანაა, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა და ის უკრაინაში არ გაჩერდება,– ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში ვეხმარებით. და ეს მოხდება თავისუფლების და იმის წყალობით, რომ რუსები წავლენ იქიდან. იტალიის წინადადება იყო ორი რამით დაწყება: თავისუფალი ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ და „მწვანე დერეფნის“ სტაბილიზაცია, რათა მარცვლეულმა მიაღწიოს აფრიკის ქვეყნებამდე და თავიდან იქნას აცილებული სოციალური და მიგრაციული კატასტროფა. ეს ორი მიზანია, რომლითაც დაწყება შესაძლებელია“, - თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, იტალიის დახმარება მხოლოდ სამხედრო დონეზე არ შემოიფარგლება.
„ჩვენ არ გავგზავნით თვითმფრინავებს, მაგრამ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში ახლა და მოგვიანებით, რადგან უკრაინა იქნება ევროკავშირის ნაწილი“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მშვიდობის დამყარებაში ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს წვლილი:
"ჩინეთმაც, რადგან მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს უკრაინისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები არ ახლავს. კარგია მშვიდობაზე საუბარი, მაგრამ თუ რუსები უკრაინაში დარჩებიან, შეთანხმება ვერ შედგება.
უკრაინის დაცვა ევროპის დაცვაა. თუ იქ რუსები გაიმარჯვებენ, გადავლენ მოლდოვაში. მათ ეს უკვე სცადეს საქართველოსთან... პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ მაისის ბოლოს გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის მომზადების შესახებ.