
სკანდინავიურმა კომპანიებმა „ორეოსა“ და „მილკას“ რუსეთში მუშაობის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს
12/06/2023 12:23:34 ევროპა
შვედეთსა და ნორვეგიაში ათობით კომპანიამ უარი თქვა ამერიკული საკონდიტრო მწარმოებლის Mondelez International-ის პროდუქციის გაყიდვაზე, რომელიც ფლობს ბრენდებს Oreo, Mars, Alpen Gold, Milka, Toblerone, Barny და სხვა.
Reuters-ის ცნობით, ბოიკოტი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ Mondelez International–მა რუსეთი არ დატოვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.
ბოიკოტს შეუერთდნენ ავიაკომპანიები SAS და Norwegian Air, სარკინიგზო ჯგუფი SJ Railway Group, Strawberry–ს სასტუმროების ქსელი, Elkiop-ის საცალო ქსელი, Fjord Line–ის გადაზიდვის ჯგუფი, ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია და სხვები.
ამავდროულად, ამერიკული კორპორაცია ძლიერად არის წარმოდგენილი ნორვეგიასა და შვედეთში, სადაც ფლობს Freai-ს და Marabou-ს – ადგილობრივ ტკბილეულის მწარმოებლებს. ბოიკოტის გამო კორპორაციამ საკუთარი ბიზნესის დასაცავად ნორვეგიის მთავრობას მიმართა.
მაისში უკრაინის ხელისუფლებამ ამერიკული კორპორაცია დაამატა "ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში რუსეთში მუშაობის გამო, სადაც კომპანიას აქვს სამი ქარხანა. 2022 წელს Mondelez-ის მოგებამ რუსეთში შეადგინა $339 მილიონი. მან $61 მილიონი გადაიხადა გადასახადების სახით რუსეთის ბიუჯეტში, – აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში.
"ნოვაია გაზეტა ევროპა"– ს თანახმად, 100 უმსხვილესმა დასავლურმა კომპანიამ, რომლებიც დარჩნენ რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წელს წმინდა მოგება 54%-ით გაზარდეს 1,1 ტრილიონ რუბლამდე. Mondelez Corporation მოხვდა კვების მრეწველობის ტოპ ათეულში PepsiCo-სთან ერთად.
მთლიანობაში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის ბიუჯეტში 288 მილიარდი რუბლი გადაიხადეს. მათგან ყველაზე მეტი კომპანიებმა საფრანგეთიდან (55 მილიარდი რუბლი), დიდი ბრიტანეთიდან (47 მილიარდი) და აშშ-დან (40 მილიარდი).