
კალიურანდი - ევრორეკომენდაციებზე: ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირულს წააგავს
13/06/2023 05:09:38 პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, რჩება შტაბეჭდილება, რომ ამ მხრივ პროგრესი ზედაპირულია
„მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია რეკომენდაციები შესრულდეს, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე შინაარსობრივადაც. ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირულსა და არაერთგვაროვანს წააგავს. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ჩანს გულწრფელი ნების არარსებობა , რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართონ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში", - აცხადებს კალიურანდი.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მიესალმნენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას – „რომელიც მოსახლეობაში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.“
„შესაძლებლობის ამ ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების განახლების საკითხსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს კითხვებს ბადებს მაშინ, როცა ხდება იმ დროს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შეწყვეტილი აქვთ რუსეთთან პირდაპირი ფრენები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ.
კალიურანდი ასევე, საუბრობს "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიასა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც:
“ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება გარკვეულ ძირითად სფეროებში, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წარუმატებლობა, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეებში. ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია”.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდეს, გააორმაგონ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განსახორციელებლად:
„მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მოაგვარონ ისეთი პრიორიტეტები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან, დეოლიგარქიზაციასთან, მედიის თავისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასთან, ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებს, LGBTQIA პირების ჩათვლით”.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად არ გამოიყენონ.
კალიურანდი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.