
ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი მოკლეს
20/11/2019 05:31:48 სხვა, მსოფლიო
ბერლინში 59 წლის ექიმი ფრიც ფონ ვაიცზეკერი მოკლეს. თავდასხმა მოხდა შარლოტენბურგის სასახლესთან მდებარე კერძო კლინიკაში, რომლის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი ფონ ვაიცზეკერი მოხსენებას ღვიძლის დაავადებების შესახებ კითხულობდა.
„დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, ფრიც ფონ ვაიცზეკერს თავს დარბაზში მყოფი მამაკაცი დაესხა და დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამასთან, თავდამსხმელმა მძიმედ დაჭრა საკონფერენციო დარბაზში მყოფი პოლიციელი, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.
ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია, დანაშაულის მოტივი კი უცნობი.
ექიმი ფრიც ფონ ვაიცზეკერი გაერთიანებული გერმანიის პირველი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი იყო.