Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია  ვენეციის კომისიის დასკვნაზე: "საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს „დებიძინიზაციას“

ოპოზიციის რეაქცია ვენეციის კომისიის დასკვნაზე: "საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს „დებიძინიზაციას“

13/06/2023 09:16:40 პოლიტიკა

ოპოზიციაში ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ეხმიანებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ამბობს, რომ ევროკომისიის 12 - პუნქტიან ვალდებულებას ასრულებს.

"ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს „დებიძინიზაციას“, „ქართული ოცნების“ ეს კანონპროექტი კი ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას დაეხმარონ. ამიტომაც, ვენეციის კომისიის ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა პირდაპირი რეკომენდაცია „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას. ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვენეციის კომისიის ეს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს":

" დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, მთავრობის მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარება".

"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება" შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი იქნება.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება შესაძლოა, აღმოჩნდეს არანაკლებ დამაზიანებელი, ვიდრე ეს იყო ე.წ აგენტების შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც უმრავლესობა გეგმავდა.

"ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ იმეორებს იმ შეფასებებს, რაც ამ თემაზე ჩვენ გავაკეთეთ და პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ იქნას მიღებული. ამიტომ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ამ კანონპროექტის მიღება უმრავლესობის მიერ იქნება არა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, არამედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული მორიგი საბოტაჟი, რადგან ვენეციის კომისიის მსგავსი დასკვნის პირობებში მისი მიღება იქნება დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შესაძლოა, არანაკლებ დამაზიანებელი ვიდრე რუსული კანონი აგენტების შესახებ რომლის მიღებასაც ცდილობდა "ქართული ოცნება" ამ პარლამენტში", – განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის" წევრი დეპუტატის ანა ბუჩუკურის თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.

"გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, შესაბამისად ის არ უნდა იქნას მიღებული. კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე - გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას. კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ როგორც საჯაროდ, ისე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად. კერძოდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა; აუცილებელია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია; გამჭვირვალე ტენდერების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის სრულად გადაუსვას ხაზი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი - ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო. კიდევ ერთხელ, მივმართავთ "ოცნების" ხელისუფლების თითოეულ წევრს - საკუთარი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი მომავლით ვაჭრობის გამო პასუხისმგებლობა იქნება ინდივიდუალური. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ოდესმე დაავიწყდება მათი დღევანდელი როლი, ან შეძლებს ამ პასუხისმგებლობისგან უკანა კარიდან გაპარვას, ძალიან ცდება,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი განაცხადოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს.

"ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ამჟამად გათვალისწინებული „პიროვნული მიდგომის“ ნაცვლად, უნდა გატარდეს „სისტემური“ მიდგომა", – აცხადებს ვენეციის კომისია.

იგი განმარტავს, რომ ქვეყნების უმეტესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთკავშირის მქონე საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის.

"ოლიგარქიზაციის დესტრუქციული გავლენის დასაძლევად ასეთი მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ აირჩია განსხვავებული „პერსონალური მიდგომა“ და მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა, საფრთხეს შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს", – აცხადებს ვენეციის კომისია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S