Accentnews.ge
ვინ გააკონტროლებს სიუნიქზე გამავალ გზას და რა მიზანი აქვს რუსეთს?

ვინ გააკონტროლებს სიუნიქზე გამავალ გზას და რა მიზანი აქვს რუსეთს?

13/06/2023 12:07:45 კავკასია

ბოლოს და ბოლოს ვინ გააკონტროლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შემდეგ სომხურ სიუნიქზე გამავალ გზას, რომელმაც უნდა დააკავშიროს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონები ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და გახსნას სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის? საკითხის ირგვლივ ერევნისა და ბაქოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაურკვევლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

აზერბაიჯანის მტკიცებით, გზაზე კონტროლს რუსები განახორციელებენ

ორიოდ დღის წინ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა, სომხურ-რუსულ-აზერბაიჯანული სამმხრივი კომისიის თანათავმჯდომარემ შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის პროდუქციის, მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების კონტროლი 2020 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული განცხადებით განხორციელდება რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის მიერ.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის განცხადება სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა უარყო:

„სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობისას, მათ შორის გასულ შეხვედრაზე, ასეთი შეთანხმება არ მიღწეულა. სომხეთის პოზიცია იყო და რჩება, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გზები იმოქმედებს მხარეთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, ურთიერთგაგების პრინციპით“.

"სომხეთის გავლით გზას მხოლოდ სომხური მხარე გააკონტროლებს"

4 ივნისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის გავლით გზას მხოლოდ სომხური მხარე გააკონტროლებს.

„განბლოკვასთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც, ვფიქრობ, გასაგებია ყველა ჩართული პარტნიორისთვის: საზღვრები იქნება სომხური მხარის კონტროლის ქვეშ, ანუ სომხეთის კონტექსტში განბლოკვისას ყველა სასაზღვრო სამუშაო განხორციელდა მხოლოდ სომხური სამსახურების მიერ“, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

არმენ გრიგორიანის ამ განცხადების შემდეგ, 9 ივნისს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის სუვერენიტეტს არავინ აყენებს ეჭვქვეშ. დამაზუსტებელ კითხვაზე განიხილეს თუ არა რუსი ოფიცრების შესაძლო მონაწილეობის საკითხი დერეფნის უსაფრთხოების კონტროლისა და უზრუნველყოფის მიზნით, ოვერჩუკმა უპასუხა, რომ ეს სომხეთის რესპუბლიკაზეა დამოკიდებული.

უარს ამბობს თუ არა სომხეთი 9 ნოემბრის განცხადებაზე და მიღებულია თუ არა ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომ კონტროლი რუსების ნაცვლად სომეხი მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ? ოფიციალურ ერევანს განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

„ზანგეზურის დერეფნის გახსნა გარდაუვალია“

13 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დერეფნის თემაზე თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ყოველთვის, როცა ვხვდებით [რეჯეპ ტაიპ ერდოღანს – რედ.], განვიხილავთ ტრანსპორტის საკითხებს. დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ტვირთების მოცულობა კასპიის ზღვით, შემდეგ კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ყოველწლიურად იზრდება და გაიზრდება. ამიტომ, ჩვენ აზერბაიჯანში ვაფართოებთ ჩვენს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან და ერდოღანმა „ზანგეზურის დერეფნის“ მალე გახსნის შესახებ ისაუბრეს:

„ზანგეზურის დერეფნის გახსნა გარდაუვალია. რაც მალე გაიხსნება, მით უკეთესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამ დერეფნის გახსნა ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ყველა ქვეყანას და დადებითად აისახება რეგიონში ბიზნეს თანამშრომლობაზე“.

"რუსეთის მთავარი ამოცანა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კომუნიკაციის კონტროლია"

პოლიტიკური კომენტატორი იაკობ ბადალიანი ამბობს, რომ დასკვნების გამოსატანად მიმდინარე დისკუსიების ყველა დეტალის ცოდნაა საჭირო, თუმცა, იმ პირობებშიც კი, თუ დერეფანთან სომეხი მესაზღვრეები ჩადგებიან, ეს ხელს არ შეუშლის რუსებს, გააგრძელონ კომუნიკაციების კონტროლი – თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა.

„როდესაც 9 ნოემბრის განცხადებას ვკითხულობთ, იქ მსგავსი დეტალური განხილვისთვის საკმაოდ ფართო ადგილია, რადგან განცხადებაში ნათქვამია, რომ სატრანსპორტო კავშირს რუსი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. როგორ მოხდება ეს, რა მექანიზმებით, რა პუნქტებში, ამის შესახებ არაფერი წერია. შესაძლოა, იყვნენ სომეხი მესაზღვრეები, რომლებიც გააკონტროლებენ საზღვრის გადაკვეთას, გამშვებ პუნქტებს და რუსი მესაზღვრეები კომუნიკაციას სხვა მექანიზმით მიადევნებენ თვალს“, - განაცხადა ბადალიანმა.

პოლიტიკური მიმომხილველის თქმით, რუსეთისთვის მთავარი ამოცანაა არა სომხეთის საზღვარზე დგომა, არამედ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ასევე ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციის კონტროლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S