
კახა კალაძე: "ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს"
20/11/2019 08:00:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ხმა ყველა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მისწვდეს.
თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ყველა სამსახური, სამინისტრო და შესაბამისი უწყებაა ჩართული მისი დროულად გათავისუფლების საქმეში:
„ჩემი, თქვენი და ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად მინდა ასევე გითხრათ, რომ ყველა სამსახური, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გათავისუფლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.