Accentnews.ge
ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრის შემდეგ: ვიმედოვნებთ, ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს წელს სტატუსს მიანიჭებს

ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრის შემდეგ: ვიმედოვნებთ, ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს წელს სტატუსს მიანიჭებს

14/06/2023 12:56:45 პოლიტიკა

"ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და წელს საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მანამდე, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო:

"მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“.

ცნობისთვის: გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S