
შსს: 15 წლის გოგოზე, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა, სექსუალურად ძალადობდნენ
14/06/2023 13:06:39 სამართალი
პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრუწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საუბარია ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიაზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.