
სერბეთში სამი კოსოვოელი პოლიციელი დააკავეს, პრიშტინა სპეცსამსახურების შეჭრაზე საუბრობს
14/06/2023 18:30:23 ევროპა
სერბმა სამართალდამცავებმა ოთხშაბათს გამოაცხადეს ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს სამი პოლიციელის დაკავების შესახებ, ხოლო პრიშტინა აცხადებს, რომ პოლიციელები გაიტაცეს.
სერბული არხის RTS-ის ცნობით, კოსოვოს პოლიციის თანამშრომლები სერბეთის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა ქვეყნის „ცენტრალურ ნაწილში“ აღმოაჩინა და დააკავა. ისინი სრულად იყვნენ შეიარაღებულები, ფლობდნენ GPS მოწყობილობებს.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღკვეთა "კოსოვოს ე.წ. პოლიციის მხრიდან ცენტრალურ სერბეთში შეჭრის მცდელობა". ამის ფონზე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში რუსეთის საელჩოს მიღებაში მონაწილეობა შეწყვიტა და რეზიდენციაში დაბრუნდა.
თავის მხრივ, კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ სვეჩლამ განაცხადა, რომ კოსოვოს პოლიციის თანამშრომლები „ქვეყანაში შეჭრილმა სერბმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს“:
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი პოლიციელები იყვნენ კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში, სტაციონარულ საგუშაგოზე და ასრულებდნენ ჩვეულ მოვალეობას“, - ხაზგასმით აღნიშნა სვეჩლამ და საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევისკენ მოუწოდა.
ინციდენტი კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციების გამო ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობების მორიგი გამწვავების ფონზე მოხდა. იქ, შუალედურ არჩევნებში, რომელსაც სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბელგრადის მთავრობის ბრძანებით, ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. არჩევნების შემდეგ სერბეთის თემებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.