
"მზად ვარ, ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი"
20/11/2019 09:23:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მზადაა, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდეს და დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს.
„ვაჟა გაფრინდაშვილი არის ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი. იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს. აი ამ პროფესიის წარმომადგენელი დღეს რჩება მძევლად, ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამო არის აყვანილი მძევლად. ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. პირადად მე ვარ მზად, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, ყველანაირი არხებით კეთდება ყველაფერი. ეუთო-ს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. ყველა არხით ხდება ზეწოლა, იქნება მთელი რიგი განცხადებები გაერო-ს მხრიდან და მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა, ამიტომ ჩვენ ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.