
სტოლტენბერგმა დაასახელა "რამშტაინის" პრიორიტეტები უკრაინის კონტრშეტევის ფონზე
15/06/2023 08:01:50 ევროპა, მსოფლიო
ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევების ფონზე, მოკავშირეები ხუთშაბათს "რამშტაინის" შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ მიწოდებული იარაღის ფუნქციურობის უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მეტ დაპირებებს ელის, რომელიც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად გაიმართება.
"ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი დაპირებები [იარაღის მიწოდებაზე - რედ.] როგორც ევროპელი მოკავშირეებისგან, ასევე შეერთებული შტატებისგან... პროცესი გრძელდება. უკრაინას სჭირდება მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. მაგრამ, ცხადია, ყველაზე დიდი აქცენტი იქნება, არის და დარჩება მნიშვნელობა იმისა, რომ სისტემები, რომლებიც უკვე იქაა [ბრძოლის ველზე - რედ.] მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა: მათ აქვთ საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური უზრუნველყოფა, შეკეთების შესაძლებლობები და ექნებათ მხარდაჭერა შეტევის განმავლობაში” - განმარტა სტოლტენბერგმა.
როგორც ცნობილია, სტოლტენბერგი თვლის, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი ომში.