
ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
15/06/2023 11:57:06 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.
უწყების განმარტებით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.