
ევროპარლამენტმა NATO–ს მოუწოდა, მიიწვიოს უკრაინა ალიანსში
15/06/2023 13:00:17 ევროპა
ევროპარლამენტარებმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდეს, მიიწვიონ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, – ნათქვამია შესაბამის რეზოლუციაში.
დოკუმენტს მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 38 წინააღმდეგ წავიდა, 42-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ „გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება“.
მათი თქმით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან, რათა შეიმუშაონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ომის შემდეგ მყისიერად ამოქმედდება.
პარლამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის ინტეგრაცია როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის.
პარლამენტარებმა ასევე დაადასტურეს მხარდაჭერა ევროსაბჭოს შარშანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უკრაინას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ისინი ითხოვენ მკაფიო გზას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და მიაჩნიათ, რომ საკმარისი მხარდაჭერით ეს პროცესი შეიძლება, უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს.
მანამდე ევროკავშირის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსში ნატოს სამიტზე მიეწოდება.
შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმება შეიძლება ეფუძნებოდეს იმავე გარანტიებს, რაც დღეს აქვს ისრაელს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღისა და მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას.
მოსალოდნელია, რომ სამიტზე გამოცხადდება ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა. კიევს უფლება ექნება მოიწვიოს საბჭოს სხდომები და მიმართოს ალიანსის წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შესაძლოა, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შეთანხმების პირდაპირი მონაწილეები.