
სოცკვლევა: “რუსეთის მოქალაქეებმა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მეტად დაფასება დაიწყეს”
20/11/2019 10:55:15 სხვა, მსოფლიო
სიტყვის, რწმენისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები და თავისუფლებები რუსეთის მოქალაქეებისთვის ორჯერ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ორი წლის წინ, - ასეთია «Левада-центр»-ის მიერ ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
კერძოდ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ, თითქმის მეოთხედით - 34%დან 58%-მდეა გაზრდილი.
მოსკოვის მაცხოვრებლებს შორის სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა ორჯერ არის გაზრდილი, რეგიონებში – 1,5-ჯერ. მათი წილი, ვინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, 50%-დან 64%-მდეა მომატებული. რწმენისა და სინდისის თავისუფლების როლი ბოლო ორი წლის განმავლობაში ასევე თითქმის ორჯერ - 22%-დან 40%-მდე გაიზარდა.
მშვიდობიანი შეკრების უფლება რეიტინგის ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა ამ კატეგორიის პასუხების წილი ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ - 13%-დან 28%-მდეა გაზრდილი. ამასთან, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში ჩართულობის უფლების მნიშვნელობა რესპონდენტთა 30%-მა აღნიშნა, მაშინ, როცა ორი წლით ადრე ეს მონაცემი მხოლოდ 16%-ს შეადგენდა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებებისა და თავისუფლებების პირველ სამეულში სიცოცხლის (78%), სამედიცინო დახმარების მიღებისა (70%) და სამართლიანი სასამართლოს (64%) უფლებები მოხვდა.
კვლევა ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციის 50 რეგიონში ჩატარდა. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, რომელი უფლებები და თავისუფლებები მიაჩნიათ მათ ყველაზე მნიშვნელოვნად და სთავაზობდნენ რამდენიმე პოზიციით დაკომპლექტებულ ჩამონათვალს.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყანაში გატარებული საპენსიო რეფორმის, მოქალაქეთა მატერიალური მდგომარეობის გაუარესებისა და მოსკოვის საქალაქო სათათბიროს 2019 წლის არჩევნების ირგვლივ მომხდარი სკანდალების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები უფლებებისა და თავისუფლებების თემებს უფრო მწვავედ ეკიდებიან.