
რუსეთმა ხერსონი მორიგ ჯერზე დაბომბა, არიან დაჭრილები
16/06/2023 16:31:47 ევროპა
რუსეთმა ხერსონზე მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა.
ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სამი მძიმე მდგომარეობაშია, ყველა დანარჩენს მიღებული აქვს ზომიერი ან მსუბუქი დაზიანება.
"მრავალი ადამიანის სიცოცხლე თავშესაფარმა გადაარჩინა", - დასძინეს ადმინისტრაციაში.
დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.
16 ივნისს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე, იმ დროს როცა იქ აფრიკელი ლიდერების დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაცია უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივის წარსადგენად იმყოფება. მაგრამ ამ იერიშს კიევში საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების დაზიანება არ მოჰყოლია.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ექვსი ჰიპერბგერითი რაკეტის „კინჟალის“ და სხვა რაკეტების ჩამოგდება შეძლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.