
"მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნას არ ვაპირებ"
20/11/2019 12:50:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე "მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნას" არ აპირებს. ასე უპასუხა ფოფხაძემ ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გაწევრიანდეს „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ გასულ წევრებთან ერთად ერთ ფრაქციაში.
„მე რომ ვინმესთან ვითანამშრომლო, ზუსტად უნდა ვიცოდე, რა ღირებულებებზე და პრინციპებზე ხდება მათი ორიენტაცია. თუ წამოსვლაზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ჩემი წამოსვლაც იყო დაგვიანებული და ამას ვაღიარებ საზოგადოებასთან, შესაბამისად, უნდა შევჯერდეთ რატომ დღეს და არა გუშინ, ან გუშინწინ. უნდა გავერკვეთ ერთმანეთთან თუ რა გვინდა ხვალინდელი საქართველოსთვის და არის თუ არა იგივე ემოციური განწყობა ახლანდელ წამოსულებს შორის, რაც არის ჩვენთან, პირადად ჩვენში. მე ვამბობ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, მე ვგულისხმობ, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებს, ასევე „ქართული ოცნების“ სისხლის სამართლის დამნაშავეებს",- განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა მსხვილი კორუფციული სისტემა, ხოლო ჩინოვნიკების და მინისტრების დიდი ნაწილი კრიმინალი და კორუფციული სქემის მმართველები არიან და თუ დეპუტატებთან ვერ შევთანხმდება, რომ ამ ხალხს უნდა მოეთხოვოს პასუხი, "მარტივ კონსტრუქციულ რეჟიმში" ყოფნას არ აპირებს.
"მხოლოდ და მხოლოდ ვითანამშრომლებ იმ ადამიანებთან, ვინც აღიარებს რომ ამ რეჟიმთან ყოფნა და ასოცირება ჩვენი მინუსი იყო და დღეს ვახდენთ ამის დემონტაჟს და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ვუკეთებთ ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობასო, სხვა შემთხვევაში, მე მგონია, რომ რაიმე ფორმით სხვასთან თანამშრომლობა, ჩემთვის საინტერესო არ უნდა იყოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.