
სიუნიქში ირანის შემდეგ საკონსულოს გახსნა რუსეთსაც სურს
19/06/2023 10:43:19 კავკასია
სომხეთის სიუნიკის ოლქის ქალაქ კაპანში რუსეთის საკონსულოს გახსნის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მიზნები სომხეთში რუსეთის საელჩომ განმარტოს.
„ჩვენ მივესალმებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილს და ინტერესს, ჰქონდეთ დიპლომატიური წარმომადგენლობა სიუნიქში, რათა უკეთ გავეცნოთ ადგილზე არსებულ ვითარებას“, - განაცხადა კოსტანიანმა.
გასული წლის ოქტომბრის ბოლოს კაპანში ირანის გენერალური საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები - არარატ მირზოიანი და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი დაესწრნენ.
სიუნიქი სასაზღვრო რეგიონია. სწორედ სიუნიქი აშორებს აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჩევანთან. ამ რეგიონზე გადის დერეფანი, რომლის გახსნასაც აზერბაიჯანი ესწრაფვის, თუმცა მხარეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ უზრუნველყოფს ფერეფნის უსაფრთხოებას, ვინ განახორციელებს სასაზღვრო კონტროლს. სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ნაწილში ხშირად არის დაძაბულობა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. უკანასკნელი მსგავსი ცნობები 19 ივნისს გავრცელდა.