
ახალგაზრდა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელი პალატაში დაემუქრა, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
19/06/2023 10:57:15 სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო.
კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს, ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა.
2023 წლის 18 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს, რა დროსაც კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
17 ივნისს თსუ-ში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. სტუდენტების ნაწილი, ცდილობდა გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლექცია, მეორე ნაწილმა კი ამის საშუალება არ მისცა.
თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი, ლუკა შველიძე, რომელიც მიყენებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს დაესხნენ ლუკა შველიძე და მისი ახლობლები.
ინციდენტის შემდეგ, ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო.