Accentnews.ge
ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

20/11/2019 15:15:52 სხვა, საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამძაფრებს ეჭვს, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ დირექტორს აირჩევს:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას

ქარტია მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 18 ნოემბერს განახლდა და 20 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდა. კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 7 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია.

ესენი არიან: ნათია ზოიძე, ნათია შავაძე, გიორგი კოხრეიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა გუჯაბიძე, შოთა გურაბანიძე, ლაშა ზარგინავა, მაია მერკვილაძე და შოთა ზოიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S