
ბელგიაში ირანული და რუსული დელეგაციების გამო სკანდალი აგორდა
19/06/2023 14:30:56 ევროპა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ აჯა ლიაბიბის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც ნება დართო, მიეცათ ვიზები დელეგაციების წევრებისთვის ირანისა და რუსეთის ქალაქებიდან ბრიუსელში, მერების კონგრესზე დასასწრებად,– წერს Reuters.
ლიაბიბი მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფება საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.
ეს მოხდა ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლის ოლივიე ვანდეკასტეს ირანული ციხიდან გათავისუფლებიდან სამიოდ კვირის შემდეგ.
42 წლის უფლებადამცველი ირანში 2022 წლის თებერვალში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით და 40–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის გასულ თვეში პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.
გასულ კვირას "ბრიუსელის ურბანულ სამიტზე" შეიკრიბნენ 300-ზე მეტი ქალაქის მერები, მათ შორის ბრიუსელის, ბოგოტას, კიევისა და თეირანის, ასევე ევროკომისიის და ევროპარლამენტის წევრები.
პასკალ სმეტი, ბრიუსელის მთავრობის საგარეო ურთიერთობებისა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მდივანი, გადადგა კვირას ირანისა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. სმეტი კრიტიკის ქვეშ მოექცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მან 12-15 ივნისის სამიტზე მიიწვია 14 ირანელი ოფიციალური პირი, მათ შორის თეირანის მერი და ორი რუსი ოფიციალური პირი.
მედიამ გაარკვია, რომ ერთ-ერთი მიწვეული რუსი ყაზანის მერის მოადგილე ევგენია ლოდვიგოვაა, რომელიც Metropolis city-ის ქსელის წევრი გახლდათ, არის ვლადიმირ პუტინის თანაპარტიელი, აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს და აქტიურად აწარმოებს პროპაგანდას.
ამავდროულად, დეპუტატმა დარია საფაიმ – ოპოზიციური N-VA პარტიიდან – განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.
”ჩვენ გვჭირდება მინისტრი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას!”, - თქვა დეპუტატმა და დასძინა, „ღიად რჩება საკითხი, თუ რატომ დათანხმდა იგი ვიზების გაცემას? რატომ მოდიან ოლივიე ვანდეკასტელის გათავისუფლებიდან სამიოდ კვირის შემდეგ ტერორისტები ბრიუსელში? და ბელგიის იმიჯი ყოველ ჯერზე რატომ უნდა შეილახოს საგარეო ურთიერთობებით, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს?!”.
ბელგიელი დეპუტატები ამ საკითხზე 21 ივნისს იმსჯელებენ.