
სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოსა და უკრაინას
20/11/2019 16:21:34 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს: უკრაინასა და საქართველოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ვართ პარტნიორები საქართველოსთან და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებთ მოკავშირეებს გამოყონ აუცილებელი რესურსები, კადრები, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას უკრაინასა და საქართველოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ალიანსი აძლიერებს თავის ყოფნას იქ ბოლო წლების განმავლობაში.
„ჩვენ შევათანხმეთ დახმარების პაკეტი აპრილში, რათა ჩავატაროთ ბევრი სწავლება, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა“ , - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ალიანსი დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში.
„ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“ ,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.