Accentnews.ge
ყოფილი მოსამართლე – სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებზე: "არაადამიანური მოპყრობაა"

ყოფილი მოსამართლე – სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებზე: "არაადამიანური მოპყრობაა"

20/06/2023 04:54:29 პოლიტიკა, სამართალი

7 ნოემბრის საქმეზე კოლეგიის ყოფილი წევრის, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ლიანა ორკოდაშვილის განცხადებით, რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხეში გადაყვანის კადრებში სააკაშვილს "არაადამიანურად ეპყრობიან". ამის შესახებ ორკოდაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

"ეს მარტო სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინელი დამნაშავე და მკვლელიც რომ ყოფილიყო, ასეთი მოპყრობა მიმაჩნია, რომ არაადამიანური მოპყრობაა", - განაცხადა ორკოდაშვილმა.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მოეპყრნენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს არაადამიანურად, ყოფილმა მოსამართლემ შემდეგი აღნიშნა: "კი, ნამდვილად. მისი გადმოყვანა როგორც აჩვენეს".

ამასთან, ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდზე ცალკე საქმე შეიძლებოდა, აღძრულიყო:

"ამ საკითხზე არ ვიცი, ჩატარდა თუ არა მოკვლევა და გამოძიება, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ცალკე საქმე აღძრულიყო. მართალია, თვითონ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ მის მიმართ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არასწორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გარკვეულიყო და გამოძიებულიყო".

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, ორკოდაშვილი ამბობს, რომ ის ყოფილი პრეიზდენტის ერთ-ერთი საქმის განმხილველი მოსამართლე იყო და აზრის გამოთქმისგან თავს შეიკავებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე კოლეგიის წევრი იყო. მას 65 წელი შეუსრულდა და პენსიაზე გავიდა, რის გამოც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S