Accentnews.ge
ISW: უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები სამ რაიონში ჩაატარეს და წარმატებას მიაღწიეს

ISW: უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები სამ რაიონში ჩაატარეს და წარმატებას მიაღწიეს

20/06/2023 07:27:52 ევროპა

უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის ხაზის სულ მცირე სამ სექტორში ჩაატარეს და წარმატებას მიაღწიეს 19 ივნისს, - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

ანალიტიკოსები მიუთითებენ რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობებზე, რომ უკრაინელმა ჯარებმა განაგრძეს წინსვლა ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით 19 ივნისს და წინ მიიწევდნენ კრასნოპოლევკას მიდამოში (ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 12 კმ).

ISW-ს ასევე მოჰყავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის სიტყვები, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ჯარები ტაურიდის (ზაპოროჟიე) მიმართულებით შვიდ კილომეტრამდე დაწინაურდნენ და გაათავისუფლეს 113 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, მათ შორის რვა დასახლება დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს დასავლეთით.

„რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეუტიეს დონეცკის რეგიონის დასავლეთით ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით. 19 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები ადასტურებენ, რომ უკრაინელმა ძალებმა გაათავისუფლეს პიატიხატკი, ორეხოვიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში, დასავლეთ ზაპორიჟიის ოლქში",– ნათქვამია ანგარიშში.

წინა ღამეს უკრაინის ეროვნული ტელემარეთონის ეთერში ანა მალიარმა თქვა, რომ "უკრაინელი დამცველებისთვის საკმაოდ რთული იყო წინსვლა, რადგან მტერმა მთელი ძალა გამოიყენა შეტევის შესაჩერებლად".

„მტერი ადვილად არ დანებდება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს რთული ბრძოლა იქნება. რეალურად, ეს ახლა ხდება. თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგი არ უნდა შეფასდეს მხოლოდ დასახლებებით და გავლილი კილომეტრებით, რადგან სამხედრო ოპერაციების ეფექტურობა გაცილებით მეტ კრიტერიუმს მოიცავს. მიმდინარე ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა და სამხედროები ასრულებენ ამ ამოცანებს. ისინი მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ. და ყველაზე დიდი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ახლა "ცხელი წერტილია" როგორც აღმოსავლეთი, ასევე სამხრეთი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარები რამდენიმე მიმართულებით მიიწევენ სამხრეთისკენ, მტერი დიდი ძალისხმევის კონცენტრირებას ახორციელებს ზუსტად აღმოსავლეთში და აგრძელებს წინსვლას. იმის გამო, რომ მტრისთვის შეტევის მთავარი მიმართულება სწორედ იქ არის, რადგან აგრესორი არ ტოვებს მიზანს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვრამდე მისვლის“, - დასძინა მან.

ერთი დღით ადრე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო 10 დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, დნეპრის ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილები ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ (მარცხენა) სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებებზე გადაისროლა, რათა უპასუხოს უკრაინის კონტრშეტევას.

თავის წინა მოხსენებაში ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინულმა ძალებმა შესაძლოა, დროებით შეაჩერონ კონტრშეტევითი მოქმედებები, რათა გადახედონ თავიანთ ტაქტიკას მომავალი ოპერაციებისთვის. თუმცა, როგორც ISW აღნიშნავს, „ოპერატიული პაუზები დიდი შეტევითი ღონისძიებების საერთო მახასიათებელია და ეს პაუზა არ ნიშნავს უკრაინის კონტრშეტევის დასრულებას“.

ცნობები უკრაინის ჯარების შეტევაზე გადასვლის შესახებ ივნისის დასაწყისში გამოჩნდა. უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ გამოუცხადებია შეტევაზე გადასვლის შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ადრე აღნიშნა, რომ კონტრშეტევა საჯაროდ არ გამოცხადდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S