
ევროპის ხუთი ქვეყანა ერთობლივად შეიძენს „მისტრალს“
20/06/2023 09:42:56 ევროპა
ესტონეთმა, ბელგიამ, კვიპროსმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, "მისტრალის" საზენიტო-სარაკეტო სისტემების ერთობლივი შესყიდვის შესახებ.
როგორც ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ერთობლივი შესყიდვები ესტონეთს თანხის დაზოგვისა და მიწოდების დაჩქარების საშუალებას აძლევს.
„მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, საფრანგეთთან ესტონეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასავითარებლად, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინაში რუსული აგრესიის გამო. ბელგიის, კვიპროსის და უნგრეთის მონაწილეობა თანამშრომლობის შეთანხმებას მნიშვნელობას მატებს. “ - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
შეთანხმების თანახმად, საფრანგეთი უფლებამოსილია განახორციელოს ერთობლივი შესყიდვები ყველა ხელმომწერი ქვეყნის სახელით.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია მოლაპარაკება ფრანგულ კომპანია MBDA-სთან, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემის "მისტრალის" მწარმოებელია.
"მისტრალი" გახლავთ საფრანგეთში შექმნილი თანამედროვე საზენიტო–სარაკეტო სისტემა ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების განადგურებისთვის. "მისტრალი" ხელმისაწვდომია როგორც პორტატული ვერსიით, ასევე სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და ვერტმფრენების გამშვებ პლატფორმებზე გამოსაყენებლად. მას აქვს 6 კმ-მდე დიაპაზონი. შექმნილია თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან დასაცავად, რომლებიც შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
მედია წინა დღეს წერდა, რომ საფრანგეთსა და გერმანიას უთანხმოება ჰქონდათ ევროპის საჰაერო თავდაცვის განვითარებასთან დაკავშირებით.